X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

"იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში -2023"

30 მარტი 2023

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოში იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოსთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორ ყარამან ქუთათელაძესთან ერთად, იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიება "იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში -2023" გახსნა.

ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ღონისძიების პროგრამა ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება და ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გაცვლა ბევრ პროფესიონალს შორის, სულ უფრო დიდი დატვირთვას იძენს.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ემსახურება ქალაქებისა და სოფლების ურბანულ განვითარებას. მათ შორის, აღნიშნა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამით „განახლებული რეგიონები“ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სამუშაოების შედეგები. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში 600-მდე შენობა უკვე განახლებულია ენერგო-ეფექტური მასალის გამოყენებით, განახლებული და აშენებულია 92 პარკი და სკვერიც. ასეთი მასშტაბის სამუშაოებისას გამოყენებული იყო ბევრი საინტერესო გადაწყვეტა და დაგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენრიკო ვალვოს საინტერესო ღონისძიების საქართველოში ჩატარების ტრადიციად დამვიდრებისთვის და ორ ქვეყანას შორის მრავალპროფილური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, იტალიის არქიტექტორთა ეროვნულ საბჭოსთან (CNAPPC), DOMUS-საქართველოსა და დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით, გაიხსნება სამი გამოფენა. ასევე, ჩატარდება ლექციები, სემინარები და კონკურსი არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სტუდენტებს წარუდგენს პრეზენტაციას და გამართავს დისკუსიას ურბანული განახლების ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ არქიტექტურისა და დიზაინის დარგის წარმომადგენლები.